საქართველოში იოდიზირებული მარილისა და ყავისფერი შაქრის წარმოება იწყება

კომპანია „ჯდ თრეიდი“ საქართველოში „ჰიმალაის“ იოდიზირებული მარილის და ყავისფერი შაქრის წარმოებას გეგმავს.

საწარმოში წარმოებული და დაფასოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე გაიყიდება.

"ჯდ თრეიდს" წინასწარი შეკვეთები უკვე მიღებული აქვს ყაზახეთიდან და აშშ-დან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარე საწარმო 18 ადამიანს დაასაქმებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმოს დამფუძნებელთა გუნდს უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კვების ინდუსტრიაში, კერძოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული კვების პროდუქტების იმპორტსა, დისტრიბუციასა და რეალიზაციაში.

კომპანია „ჯდ თრეიდი“  2016 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 386 700 ლარს შეადგენს.