"რუსთავის აზოტში" გეგმიური სარემონტო სამუშაოები გრძელდება

კომპანია "რუსთავის აზოტში" მუშაობა მიმდინარე გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დროებით შეჩერებულია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამომდინარე ქიმიური მრეწველობის გლობალური კრიზისიდან, განსაკუთრებით სასუქების წარმოების დარგში პროდუქციის ფასების მკვეთრი ვარდნის და ბუნებრივი გაზის არაადეკვატური მაღალი ღირებულების გამო, შპს "რუსთავის აზოტის" პროდუქცია გახდა არაკონკურენტუნარიანი.

"შესაბამისად, ფერხდება კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან და განიხილება სხვადახვა ვარიანტები. საწარმო აგრძელებს გეგმიური რემონტის განხორციელებას და შემდგომი ფუნქციონირება დამოკიდებული იქნება კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებაზე", - აღნიშნეს "რუსთავის აზოტში".