“რუსთველი ფროფერთი” Hyatt Regency Tbilisi-სთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შპს “რუსთველი ფროფერთი”, Hyatt Regency Tbilisi-სთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გასცეს.

ასე ეხმაურება ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”საპარტნიორო ფონდის” მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუმცა არის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს „ჰუმანითი ჯორჯია’’), რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.

”მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებს ჰქონდად კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მიიღეს ამომწურავი განმარტებები მათ მიერ დასმულ კითხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ქართულ და უცხოურ პრესაში აღნიშნული იქნა თუ ვინ არის პროექტის მფლობელი და ინვესტორი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საჯაროდ გააკეთა კომპანიისთვის და პროექტისთვის დამაზიანებელი განცხადებები, თითქოსდა არსებობს გაურკვეველი კითხვები.

ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ ღიად და საჯაროდ განვმარტავთ, რომ Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის მფლობელი და ინვესტორი არის ქართველი ბიზნესმენი ბატონი რომან ფიფია. პროექტის განმახორციელებელი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს “რუსთველი ფროფერთი” და ის არის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Merrydow Development Holdings LTD მიერ დაფუძნებული, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი არის ბატონი რომან ფიფია”, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შპს “რუსთველი ფროფერთის” გავლილი აქვს საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან KYC (იცოდე შენი კლიენტი) უმკაცრესი პროცედურები და არასოდეს არ შექმნიათ არავითარი პრობლემა.

”ასევე კომპანიას გავლილი აქვს საერთშორისო ფინანსური და იურიდიული აუდიტორული შემოწმება და ასევე აღებული აქვს ვალდებულება შემდგომშიც ჩაატაროს ყოველწლიური აუდიტი.

ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ ასეთი პატივსაცემი და წონიანი ორგანიზაცია, როგორიც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ახორციელებს ოფშორის ცნების სტიგმატიზაციას და უნებლიედ, შეცდომაში შეყავს საზოგადოება.

გამოვხატავთ მზადყოფნას, გავცეთ ამომწურავი პასუხები კომპეტენტურ პირებს, რათა არ არსებობდეს არავითარ კითხვები Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.