ინდოეთის დელეგაცია საქართველოში ჩაის კულტურის წარმოებით დაინტერესდა

საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც  სოფლის მუერნეობის სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა დაათვალიერებინეს და ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, ინდოეთის მხარე მზადაა საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

როგორც ინდოეთის დელეგაციის წევრმა ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა, ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს. ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. ვმუშაობთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ჩვენთვის მეტად საინტერესოა ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზი და ხეხილოვანი კულტურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარე კვლევითი სამუშაოები. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინდოეთში ქართული მხარის გამოცდილებას დავნერგავთ“, - განაცხადა ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ