ზუგდიდის რაიონში მალე ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ეწერში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია.

ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ადგილობრივმა ფერმერებმა აცნობეს. საწარმო ხილის გადამუშავებასა და ჩირის დამზადებაზეა გათვლილი. როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, იტალიიდან დანადგარები უკვე ჩამოტანილია, ქარხანაში ელექტროგაყვანილობა და წყალიც შეიყვანეს, ხილით კი საწარმოს ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა მოამარაგებს.

საწარმოს მფლობელი ბიზნესმენი ნონა თორდიაა, რომელმაც 2011 წლიდან სოფელ ზემო ეწერში კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ამ ბიზნესში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ქალბატონი ნონა თორდია შპს „გემუანის“ მფლობელია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ევროპაში, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა და უკვე რამდენიმე წელია აგრობიზნესში საქმიანობს.

ხათუნა ჩიგოგიძე