დიმიტრი ქუმსიშვილი - მთავრობის მხრიდან "იანდექს ტაქსის" წახალისება არ ხდება

არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება კომპანია „იანდექს ტაქსთან“ არ გვაქვს,

- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლისა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ დარღვევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე მტკიცებით, მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის არავითარი წახალისება არ ხდება.

„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას. მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რუსული კომპანია “იანდექს ტაქსი” ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი და შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევს. თავად „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.