ვანის რაიონში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

ოქტომბერში დაფნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ,,ქართული დაფნა” გაიხსნება.

როგორც საწარმოს დირექტორმა მამუკა ალფაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პროდუქცია 100%-ით საექსპორტოა და ქართული დაფნის შეძენით რუსეთი, უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან დაინტერესებულნი.

საწარმოს დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 100-150 ტონა დაკალიბრებული დაფნის მიწოდებაზე მოლაპარაკებები უკრაინასთან მიმდინარეობს.

საწარმო ვანის რაიონ სოფელ ზვანში განთავსდება. ,,ქართული დაფნის” მთლიანი წარმადობა სეზონზე 200-დან 300 ტონამდე იქნება. დაფნის პლანტაციები ვანში 5 ჰექტარზეა განთავსებული.

,,გვექნება ოთხი, სხვადასხვა ხარისხის დაფნის წარმოება. ამ ეტაპზე სერტიფიცირების საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და მომავალი წლისთვის შესაბამისი ბიო-დაფნის დამადასტურებელი სერთიფიკატიც გვექნება.”-აღნიშნავს მამუკა ალფაიძე.

საწარმოში პირველ ეტაპზე 20 ადამიანი დასაქმდება. შპს ,,ქართული დაფნის” სრული ინვესტიცია 597 482 დოლარს შეადგენს. საიდანაც დაახლოებით 358 ათასი დოლარი საკუთარი წილია, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მამუკა ალფაიძემ 239 ათასი დოლარიანი თანადაფინანსება მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე