”სოკარი” დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს

კომპანია "სოკარი" გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, 2017 წლამდე დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას განახორციელებს.

ენერგეტიკის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია "სოკარს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქართული მხრიდან სამინისტროების ხელმძღვანელებმა კახა კალაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა, მეორე მხრიდან კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, როვგან აბდულაევმა მოაწერეს.

ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, 2017 წლამდე მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75 პროცენტს შესაძლებლობა ექნება, ბუნებრივი აირით ისარგებლოს.

"ის ვალდებულება, რომელიც კომპანიას ჰქონდა 2011 წლამდე, და რომელიც 150 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას გულისხმობდა, უკვე შესრულებულია. ჩვენი თხოვნით, მიმდინარე წელსაც "სოკარმა" დაახლოებით 33 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა. ახალი მემორანდუმი კი, საშუალებას გვაძლევს, 100 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდეს. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო კომპანიის საშუალებითაც ვახორციელებთ სამუშაოებს და ამ კომპანიის საშუალებით ცალკე 150 ათასი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, უკვე შემუშავებულია 2014 წლის გეგმა, ხოლო დანარჩენი წლების გეგმის დამუშავება ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო კონსულტაციების ფარგლებში მოხდება.

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "სოკართან" გაფორმებულ მემორანდუმს უმნიშვნელოვანესს უწოდებს და ხაზს აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვის პროექტი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ კომპანიასთან ურთიერთობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის უმნიშვნელოვანესი ინვესტორია საქართველოსთვის. გარდა აღნიშნული პროექტისა, "სოკარი" აპირებს უახლოეს წლებში კარბამიდის ქარხნის აშენებას, რომელიც არის დაახლოებით მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია. მის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო "სოკართან" მჭიდრო ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებს.