2015 წელს საქართველოში 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება გაიხსნა

2015 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1154 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთაც 1225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება გააჩნიათ.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება შევიდა ექსპლუატაციაში. სასტუმროების საერთო რაოდენობის 15.3% ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1% - 2013 წელს, 8.5% - 2012 წელს, 9.3% - 2011 წელს, 5.9% - 2010 წელს, ხოლო 34.9% - 2010 წლამდე.

მოქმედი სასტუმროების 99.3% კერძო საკუთრებაშია; მათგან 9.6% - უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ხოლო 0.7% სახელმწიფო მფლობელობაშია.

2015 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1293.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქედან იჯარით გაცემულია 23.6 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 616.0 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 23.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2015 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 48.6 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 23.1 ათასი ერთეულია, რომელთა 10.6% ლუქსია, 13.7% – ერთადგილიანი, 58.4% – ორადგილიანი, ხოლო 17.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია. 2015 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1854.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.