საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4%-ით ნაკლებია 2015 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20%-ით მეტია 2015 წლის II კვარტალის წინასწარ და 4%-ით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე.

როგორც საქსტატში განაცხადეს, 2016 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11%-ით აღემატება.

რაც შეეხება ქვეყნებს, საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებს შორის პირველ სამეულს აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო და ჩეხეთი იკავებენ, ხოლო მათ მოსდევს - თურქეთი, პანამა, ნიდერლანდები, ავსტრია, კვიპროსი, აშშ და საუდის არაბეთი.

საქსტატის მიერ გამოქვყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 175 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია, მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 60 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 46 მლნ აშშ დოლარით.

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 აგვისტოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე