საგარეჯოში ორგანულ-მინერალური სასუქის წარმოება დაიწყება

საგარეჯოში ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება 2017 წლის პირველი მარტიდან დაიწყება.

როგორც ,,აგრო ვიტა პროდაქშენის“ ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. ლევან ასლანაძის თქმით, მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ საკითხით სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანია დაინტერესებული. კომპანია იტალიურ ,,ადრიატიკასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

,,სასუქი არის ორგანულ-მინერალური, ორგანულის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება, ხოლო რაც შეეხება მინერალურს, ვაპირებ, იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოო,“- აღნიშნავს ლევან ასლანაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, წინასწარი შეთანხმებები უკვე მიღწეულია.

ბიზნეს-იდეა ,,სტარტაპ-საქართველოს“ პროექტის გამარჯვებულია.

ასლანაძის თქმით, ადგილობრივი სასუქის სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. "ორგანულ-მინერალური სასუქი საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია და მისი ფასი 9-დან 15 ლარამდე მერყეობს. ჩვენი პროდუქტი, წინასწარი გათვლებით, არ უნდა გასცდეს 6 ლარს,“-აღნიშნავს ლევან ასლანაძე.

საწარმოში პირველ ეტაპზე 7 ადამიანი დასაქმდება. პროექტის სრული ღირებულება 241 ათასი ლარია.

ქრისტინე გამთენაძე