ირანელი ინვესტორი კახეთში მევენახეობის მიმართულებით 28 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ირანულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია ARIC LLC-ის ხელმძღვანელს აფზალ რავარის შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრისას საუბარი იმ ბარიერებს შეეხო, რომელიც ირანული ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს და რომელიც საქართველოს სავიზო პოლიტიკას უკავშირდება. ორგანიზაცია ARIC LLC საქართველოში, კერძოდ კი, კახეთის რეგიონში მევენახეობის მიმართულებით 28 მილიონი დოლარის ინვესტიციის საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს და ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სავიზო პოლიტიკის კუთხით ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. აფზალ რავარი საქართველოში ბიზნესის გაფართოებით და ახალი ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული.