ლატარიის ჩატარების უფლება ისევ ერთ კომპანიას ექნება ექსკლუზიურად

„როცა ხელისუფლება ასეთ ექსკლუზივზე საუბრობს, კორუფციული რისკები ყოველთვის მაღალია“

ფინანსთა სამინისტრომ ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულ პრეტენდენტს ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება ექსკლუზიურად 10 წლის ვადით გადაეცემა. „როცა ხელისუფლება ასეთ ექსკლუზივზე საუბრობს, კორუფციული რისკები ყოველთვის მაღალია,“ - ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემაზე გამოცხადებულ ტენდერს. ხუხაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამაზე გარკვეული ლობისტური ჯგუფი მუშაობდეს, მომავალი ექსკლუზიური უფლების მქონე კანდიდატიც უკვე შერჩეული იყოს და გამოცხადებულ ტენდერს მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდეს.

„კაზინოს მსგავსად ლატარიაც ბიზნესია და გაუგებარია, რატომ აძლევს სახელმწიფო ლატარიის კომპანიას ექსკლუზიურ უფლებას, მაშინ როცა მაგალითად სათამაშო ბიზნესში ასე არ ხდება. არ შეიძლება ასეთ საკითხზე ჩინოვნიკი იღებდეს გადაწყვეტილებას. სჯობს, ლატარიის ლიცენზიის მოპოვების პირობები შესაბამისი კანონმდებლობით განისაზღვროს და ბაზარზე იქნება ერთი თუ ათი კომპანია ბაზარმა განსაზღვროს და არა ხელისუფლებამ. ეს არის ბიზნესის ამ სეგმენტის განვითარების ხელოვნური შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება იმ ამოსავალ პრინციპებს, რაც ხელისუფლებას ბიზნესისა და ბიზნესურთიერთობის ფორმირების კუთხით აქვს,“-აღნიშნა ხუხაშვილმა.

ლატარიის გათამაშების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად სატენდერო წინადადებების მიღება ფინანსთა სამინისტროში 2016 წლის 12 დეკემბრამდე მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას "საქართველოს ლატარიის კომპანია" ფლობს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით, 216 მილიონი ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

„ლატარიის კომპანიის“ აღნიშნული დავალიანების არსებობა კითხვებს უჩენს გია ხუხაშვილს, რომელიც ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ლატარიის კომპანია, რომელიც თავის თავში გარანტირებულ, უეჭველ მოგებას გულისხმობს, წამგებიანი იყოს, მით უმეტეს, როცა ბიზნესის წარმოების ექსკლუზიური უფლება აქვს.

ექსპერტს უჭირს დავალიანების გამომწვევ მიზეზებზე საუბარი და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა „საქართველოს ფოსტას“ არსებულ კითხვებზე განმარტებები გაეკეთებინა.

,,საქართველოს ლატარიის კომპანია'' 2009 წელს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს (შპს) სტატუსით დაფუძნდა. კომპანიის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს ,,ლექსორ კაპიტალ კორპი'' იყო. ამ კომპანიის წარმომადგენელი კი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა - დიმიტრი ჩიქოვანი იყო.

2011 წლის 9 აგვისტოს, შპს ,,ლექსორ კაპიტალ კორპმა'' საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. ეკონომიკის სამინისტრომ კი ,,საქართველოს ლატარიის კომპანიის'' მართვის უფლება ხუთწლიანი ვადით ,,საქართველოს ფოსტას'' მიანიჭა. თუმცა, ლატარიის კომპანიის 30%-იანი წილი შპს ,,ლექსორ კაპიტალ კორპის'' საკუთრებაში დარჩა.

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ვალდებულებებით იყო დამძიმებული. კერძოდ, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები - 17 596 825 ლარი იყო, ამავე პერიოდისთვის ვალდებულებების მოცულობა 217 213 829 ლარს შეადგენდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარის ოდენობით დავალიანება ფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დავალიანებისა „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ აუდიტი არასოდეს ჩატარებულა.

რაც შეეხება იმას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ვის დაეკისრება „ლატარის კომპანიის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, ან რა ბედი ეწევა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის 70%-იან წილს - ამ კითხვებზე ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა ის ვალდებულება რაც მოქმედ ლატარიის ორგანიზატორ კომპანიას გააჩნია, მასვე დარჩება. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაცია გამარჯვებულ კომპანიაში სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

თაია არდოტელი