სამუშაოს მაძიებელი სმენადაქვეითებული და უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული დასაქმების საიტი შეიქმნება

სმენადაქვეითებულებსა და უსინათლოებს დასაქმების შანსი ეძლევათ.

დასაქმების ვებგვერდი Worknet.gov.ge ოქტომბრის ბოლოს ადაპტირებული საიტი გახდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ბეზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ”ევროკავშირის პროექტისა და სახელმწიფო მხარდაჭრით დასაქმების ვებგვერდი სმენადაქვეითებულებისა და უსინათლოებისათვის ადაპტირებული გახდება. ისინი საიტზე დარეგისტრირებას დამოუკიდებლად შეძლებენ, მოიძიებენ სასურველ სამუშაო ადგილს. შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი მათ გადამზადებასა და დასაქმებაში დაეხმარება”, - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით უკვე დასაქმდა 32 შშმ პირი. ამ ეტაპზე კი სხვადასხვა დაწესებულებაში უფრო მეტი შშმ პირი გადის სტაჟირებას. მარიამ ბეზერაშვილის თქმით, გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია და 150 ლარს შეადგენს.

დასაქმების პროგრამების სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, Worknet.gov.ge-ზე ამ დროისთვის  1 502 შშმ პირია დარეგისტრირებული. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც სმენადაქვეითებულები და უსინათლოები თავად შეძლებენ ამ საიტზე დარეგისტრირებას, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რიცხვი გაორმაგდება და გასამმაგდება კიდეც.

თათია ახვლედიანი