"ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა არის ქვეყნის და მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი"

დღეს ჩვენ კერძო სექტორს წარვუდგინეთ 50 იდენტიფიცირებული ქონება, სადაც შესაძლებელია სასტუმროების, მოსასვენებელი ადგილების და პანორამული გადასახედების მოწყობა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორი, რომელიც აგენერირებს 2 მილიარდამდე დოლარს ჩვენს საგადასახადო ბალანსში და შესაბამისად, ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა არის ქვეყნის და მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებები უფრო აქტიურს გახდის ჩვენს კერძო სექტორს და კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს განახოციელებენ ტურიზმის მიმართულებით. მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში. ჩვენ საქართველოში სულ გვაქვს 1 270 განთავსების ობიექტი და შესაბამისად, აქედან 41% მხოლოდ ბოლო სამ წელში შევიდა ექსპლუატაციაში. შემდეგი ორი წლის განმავლობაში უკვე იდენტიფიცირებული პროექტები რაც არის, ეს არის მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიციები, რომელიც ამ წუთებში შენდება. ეს არის 80-ზე მეტი განთავსების ობიექტი. საბოლოო ჯამში 10 000-ზე მეტი საწოლი ოთახი უნდა აშენდეს. დღევანდელი პროექტით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის საინვესტიციო შესაძლებლობები შევთავაზეთ კერძო სექტორს და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ქუმსიშვილმა ისტორიულ შენობებზე გაამახვილა ყურადღება და კერძო სექტორს უფრო მეტი გულისხმიერება სთხოვა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად გადავარჩინოთ ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს. ამ წუთში აღნიშნული უძრავი ქონება ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე და იქ არის ყველა ქონება შეფასებული. შესაბამისად საბაზრო ღირებულება ცნობილია. არის უძრავი ქონებები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ აუქციონზე და დარწმუნებული ვარ, იქნება კონკურენცია ამ მიმართულებით. არის ასევე უძრავი ქონება, მაგალითად, რამდენიმე ისტორიული შენობა, რომელსაც სიამოვნებით განვიხილავდი სიმბოლურ ფასად გადასაცემად ინვესტიციების ვალდებულებებით, რადგან შეინარჩუნონ და გადაარჩინონ ეს ისტორიული შენობები“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.