კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ადასტურებს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და ყაზახები ქართული ბაზრიდან გავიდნენ.

ასე გამოეხმაურა ილია ელოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და ის საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდოს.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკება და ის თავს შეიკავებს ზედმეტი კომენტარისგან.

„შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ. თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები, ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი. რაც ხდება კანონიერად და რაც წაადგება კომპანიას და ბიზნესს, ყოველთვის მივესალმებით ამგვარ კერძო გარიგებებს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ყაზახების პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში სემეკ-ის მიერ დანიშნული იყო დროებითი მმართველი, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში არ არის დროებით მმართველთან და ამაზე მიდიოდა მოლაპარაკებები.

„თუმცა, იმ გადაწყვეტილებამ, რაც დღესდღეობით გაჟღერდა, რომ შესაძლოა კომპანია გაიყიდოს, არააქტუალური გახადა ამ თემაზე მუშაობა, რადგან თუ კომპანია გაიყიდა, ეს ნიშნავს, რომ თავისთავად იქ აღარ იქნება დროებითი მმართველი, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

რაც შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გააჩნია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი, პროცენტების დიდი რაოდენობა ბიუჯეტის მიმართ გადახდილია დროებითი მმართველის პირობებში. თუმცა, დარჩენილია დავალიანება, განსაკუთრებით კი ძირი.

„ჩვენ ამაზე გვექნება მოლაპარაკება ახალ მფლობელთან. თუკი კომპანიის გასხვისება მოხდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.