მარტვილში ოქტომბრიდან ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდება

მარტვილში ოქტომბრიდან „როიალ დადიანის“ ღვინის საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია, საწარმოს გახსნა კი 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პირველ ეტაპზე საწარმო წელიწადში 100 000 ბოთლი ოჯალეშის, 7 500 ბოთლი ჭაჭის, რქაწითელის, შამპანურისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებას გეგმავს.

რაც შეეხება რეალიზაციას, პროდუქტი გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ღვინოს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისყიდიან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მიმდინარე საწარმოს მშენებლობაზე 49 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ამოქმედების შემდეგ უშუალოდ საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება.

სამშნებელო სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დაგი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია. სამომავლოდ საწარმოს გაფართოებაც იგეგმება, რის შედეგადაც ხარჯი 3 მილიონამდე გაიზრდება.

თაია არდოტელი