ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids-ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა

”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids- ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა.

„სილიკონ ველის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს BTU Kids- ის საკვირაო სკოლის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები ესწრებოდნენ. მათ საკვირაო სკოლაში სასწავლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი გააცნეს. პატარებმა და მათმა მშობლებმა სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს.

პრეზენტაციაზე პატარებს საშუალება ჰქონდათ ასევე რობოტთან ერთად ეთამაშათ და კომპიუტერზე სხვადასხვა აპლიკაციებს გაცნობოდნენ.

საკვირაო სკოლაში სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებული 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები შაბათ-კვირას 4-4-საათით ისწავლიან.

პროექტი ითვალისწინებს მოზარდთა გადამზადებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

„სილიკონ ველის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ასევე ზრუნავს ბავშვებზე. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო სკოლის დასაწყისი, რომელიც გულისხმობს ადრეული ასაკიდან ბავშვებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაცნობას. გვაქვს შემუშავებული უნიკალური მეთოდი, რომელიც ადრეულ ასაკიდან ბავშვების აღნიშნული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართულია „მაიკროსოფტი“ და „მერსედეს ბენცი“. ასევე მოხდება საკვირაო სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების გადაღება და შემდგომ განთავსება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ჩვენთან მოიყვანოს შვილები და ისწავლოს, ასევე ეს ჩანაწერები განთავსდება სხვადასხვა ვიდეოპორტალებზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სწავლის საფასური ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის მომზადებულია სპეციალური მობილური აპლიკაციები, სხვადასხვა პლატფორმები, რომელიც მათ დაეხმარებათ ადრეული ასაკიდან პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და შემდგომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული იყვნენ.