გიორგი რამიშვილი - „სილქროუდ ჯგუფს“ წინა ხელისუფლების დროს ბევრი პრობლემა შეექმნა

წინა მერიის დროს ”სილქროუდ ჯგუფს” დიდი პრობლემა შეექმნა. მათ ჩვენს მოედანზე საბაგიროს გაკეთება უნდოდათ და ჩვენ ეს ტერიტორია ივანიშვილის დამსახურებით დავიბრუნეთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით ჩატარებული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი რამიშვილის შეფასებით, შეხვედრაზე გულწრფელი საუბარი იყო და ყველა თავის სათქმელს ამბობდა. გიორგი რამიშვილი არ ფიქრობს, რომ ღონისძიებაზე ვინმეს მხრიდან რაიმე ზეწოლა იყო.

”მე მინდა ვთქვა ის, რაც „სილქროუდ ჯგუფს“ უკავშირდება. ჩვენ ბევრი ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული საქართველოში. თბილისში, წინა მერიის დროს დიდი პრობლემები შეგვექმნა, რადგან ის გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, მოედანზე სასტუმროს წინ, 10 მეტრში საბაგირო გაეკეთებინათ, რაც იქნებოდა ყველა სტანდარტის უხეში დარღვევა. თვითონ თბილისი დადგებოდა იერსახის დამახინჯების წინაშე. ამხელა აგრეგატს რუსთაველის თავზე უნდა გადაევლო. ჩვენ დაგვჭირდა ბევრი ბრძოლა, წვალება, დღეს ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ეს ცენტრი დავიბრუნეთ და მე მინდა მადლობა გადავუხადო. გრძელდება ამ მოედნის განვითარება და ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ”, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობასთან მათ აქვთ სისტემატური შეხვედრები, საუბარი სხვადასხვა საკითხზე და ”ეს ნორმალური პროცესია”.