2013 წელს ნაყინისა და რძის პროდუქციის ბაზარი გაიზარდა, კარაქის კი - შემცირდა

2013 წლის განმავლობაში პროდუქციის უმრავლეს სახეობაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, - აცხადებს ბაზრების სამეცნიერო-კვლევითი კომპანია ”გამმას” დამფუძნებელი, ინგა ფოცხიშვილი.

კომპანია ყოველწლიურად საქართველოს შვიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში) კვლევებს ატარებს, რომლის თანახმად, რეგიონების ბაზრები ნაკლებად განვითარებულია. რაც შეეხება დედაქალაქს, ვითარება გაცილებით სტაბილურია; ”გამას” გათვლებით, დაფიქსირებულია, დაახლოებით, 4 ათასი სავაჭრო ობიექტი.

ფოცხიშვილის განცხადებით, ტრადიციულ სავაჭრო ქსელს თბილისში შემდეგი სტრუქტურა აქვს: თანამედროვე ტიპის ობიექტების რაოდენობა 5%-ია და 200 ერთეულს არ აჭარბებს, ზრდის ტემპი კი არ შეინიშნება. რაც შეეხება გაყიდვებს, ”გამას” დამფუძნებელის გათვლებით, წლის განმავლობაში რეალიზაცია ბრენდულ სუპერმარკეტებში ერთად 30%-ით შემცირდა, პატარა მაღაზიებში კი - გაორმაგდა.

”ანალოგიური ვითარებაა სომხეთში. ბაზარი არც იქ არის განვითარებული იმ დონემდე, რომ დანარჩენ მოთამაშეებზე იმოქმედოს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ საპირისპირო სურათს ვხედავთ. თუ თბილისში თანამედროვე სუპერმარკეტებს ბაზრის 5% უკავია, ბაქოში - 10%-მდე აღწევს”, - აცხადებს ფოცხიშვილი.

მისივე ინფორმაციით, 2013 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტების ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველ ადგილზე ზრდის მიხედვით, ნაყინის ბაზარია, რომლის მოცულობა წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. სეზონი ყველაზე კარგად კომპანია ”ქართუ უნივერსალმა” დაასრულა, რომელმაც ბაზარზე 45% დაიკავა. მას მოსდევს ”ბარამბო”, თუმცა, როგორც ”გამაში” აცხადებენ, კომპანიის წილი შედარებით მაინც შემცირდა და 30-32% უკავია.

მეორე ადგილზე - რძის პროდუქტებია. ამ ბაზარზე მომხმარებელი საკმაოდ გააქტიურებულია, გაიზარდა ტრადიციული რძის, მაწვნის მოხმარება, საკმაოდ კარგად განვითარდა დესერტებისა და იოგურტის ბაზარიც.

მესამე ადგილზე სასუსნავის (ე.წ. ”სნექის”) ბაზარია, მათ შორის კი, ჩიპსებისა და მარილიანი ორცხობილების, რომელთა მოცულობა გაორმაგდა.

ინგა ფოცხიშვილის თქმით, არსებობს ბაზრები, სადაც სტაგნაცია ფიქსირდება, მაგალითად, ლუდის ბაზარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლური სასმელის იმპორტი წლიდან წლამდე მცირდება. თუ მაგალითად, 2010-2011 წლებში უცხოური ლუდის წილი სტაბილურად 15% იყო, 2013 წელს 5%-მდე მოიკლო.

”ჩვენი მომხმარებლები ადგილობრივ პროდუქციაზე გადაერთვნენ, გარდა ამისა, გაიზარდა მოთხოვნა გაზიან სასმელებზეც (ლიმონათებზე). ცალკე უნდა გამოვარჩიოთ ”კოკა კოლა” და ”პეპსი” ტრადიციული სახეობების - ტარხუნას, მსხლისა და სხვა არომატებისგან. ბოლო ორი წლის ტენდენციის მიხედვით, Coca-cola ბაზარზე წილს სტაბილურად იმატებს, ხოლო Pepsi - კარგავს. ბაზარი კი 7-8%-ით გაიზარდა. კარგად ვითარდება ცივი ჩაის სეგმენტიც. ამ ბაზარზე ლიდერობს ”ნატახტარი”, მეორე ადგილზე კი ”ზედაზენია”, დანარჩენებს შედარებით უმნიშვნელო წილი უკავიათ”, - აღნიშნავს ფოცხიშვილი.

როგორც ”გამმას” დამფუძნებელი აცხადებს, იზრდება წყლის ბიზნესიც, თუმცა, აქ სტრუქტურულად ცვლილებებია, კერძოდ, გაზიანი სასმელებზე მოთხოვნა მცირდება, ხოლო ჩვეულებრივზე - იზრდება. ”ეს ბაზარი დიდი ხანია, გადანაწილებულია. ორი კომპანიის წილი 90%-ს აჭარბებს და ასე წლებია, გრძელდება. რაც შეეხება წვენების ბაზარს, ადგილობრივი კომპანიების წილი 20%-ს ძლივს აღწევს. მთავარი მოთამაშეები ”კულა” და ”კამპაა”, - აცხადებს მკვლევარი.

რაც შეეხება ენერგეტიკულ სასმელებს, მართალია, მათი მოხმარება წლის განმავლობაში 50-60%-ით გაიზარდა, თუმცა, ბაზარი, საერთო ჯამში, მაინც ნელა ვითარდება. ფოცხიშვილის თქმით, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია, კერძოდ, თუ 2010 წელს "Red Bull"-ს 50%-იანი წილი ეკავა, 2013 წელს 25%-მდე დაეცა.

რაც შეეხება ცხიმებს, ამ ბაზრის ზრდა მცირეა, რისი მიზეზიც უხარისხო პროდუქციაა. ”მწარმოებლები ეტიკეტზე აწერენ, რომ კარაქი 82%-იანია, მხოლოდ შეუმჩნევლად, წვრილი შრიფტით არის მითითებული, რომ მცენარეულ ცხიმებს შეიცავს და არა კარაქი, არამედ სპრედია, და მომხმარებლები ხშირად შეცდომაში შედიან. შესაბამისად, წლის განმავლობაში ნაღების კარაქის სეგმენტი გაიზარდა 5%-ით, მარგარინის -25%, ხოლო სპრედის - 10%”, - აცხადებს ფოცხიშვილი.

bizzone.info