პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან შეხვედრა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პროექტის ხელმძღვანელმა დავით კოღუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის და ეხება DCFTA-ს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

„აღნიშნული პროექტი არის ხელშეწყობა თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო ფაზის შემდგომ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. მასში ჩართულია ბიზნესსექტორი. ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის. ეს ეხება DCFTA-ს გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომელიც დღის წესრიგში დგას ბიზნესსექტორის წინაშე. თემა უდავოდ პერსპექტიულია. ვინაიდან განვითარების უკვე მეორე ეტაპზე გადავედით. შესაბამისად, ამ კონტექსტში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს. ეს არის მიზანი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავრობამ და ბიზნესმა ილაპარაკოს ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წინ დახვდეს ბიზნესის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულების სახით აქვს აღებული.