რუსთავში ორი ახალი საწარმო - Constructio Service და ”ჯი-არ-სი” გაფართოვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთავში პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაფართოებული და გადაიარაღებული ორი ახალი საწარმო - შპს Constructio Service და შპს ”ჯი-არ-სი” დაათვალიერა.

დიმიტრი ქუმსიშვილი საწარმოო პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილთან, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ ანი კვარაცხელიასთან, ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

Constructio Service ეწევა ლითონკონსტრუქციების დამზადებას და შემდგომ მონტაჟს. პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ გაფართოების მიზნით აიღო სესხი, რომლითაც შეიძინა არასტანდარტული დიდი გაბარიტების მქონე ლითონკონსტრუქციების დამზადების დანადგარი და ამ დანადგარის მეშვეობით მან შეძლო ისეთი ტენდერის მოგება, როგორიც იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის ლითონკონსტრუქციებით მომარაგება. საწარმო არის მთლიანად გადაიარაღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ასზე მეტი ადამიანი, რომელიც აქ მუშაობს, ფლობს სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისათვის დაამაზადონ უკვე ლითონის კონსტრუქციები.

მეორე საწარმო, რომელიც ჩვენ ვნახეთ არის კომპანია ჯი-არ-სი, კომპანია აწარმოებს პროდუქციას ბრენდით თერმოპანელი. ეს არის პროდუქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დათბუნებული გადახურვები, ასევე დათბუნებული კედლები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში ინვესტირებულია 5 მილიონ ლარამდე. დღეს პირდაპირ და არაპირდაპირ მის საქმიანობაში 60 ადამიანზე მეტი არის ჩართული. კომპანია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ის იყო ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“, პროგრამის ფარგლებში კომპანიას 2 მილიონ დოლარამდე სესხი ჰქონდა აღებული ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან და შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი აქვს დაფინანსებული სწორედაც რომ სახელმწიფოდან. შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა პროგრამაში, მიღწეულია - ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, არის პროდუქცია, რომელიც არის იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქცია, რომელიც სჭირდება ჩვენს ბაზარს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო.

პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 204 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 444 400 000 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდა 10 000-ზე მეტი ადამიანი.