სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტანსაცმლის ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს ტანსაცმლის ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს ლევან რაზმაძის მე-11 შეხვედრა იყო ბიზნესმენებთან. შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.

როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, ბიზნესმენებთან შეხვედრები ნაყოფიერია და შეხვედრებზე დაყენებული საკითხები ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორებულია.

”ჩვენ წინა შეხვედრებმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ ნაყოფიერია ეს შეხვედრები. მათ მიერ დაყენებული პრობლემები და საკითხები ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე გამოსწორებულია. ალბათ, უკვე სულ რამდენიმე შეხვედრის შემდგომ ხელახლა დავიწყებთ იმ ციკლს, რაც უკვე იმ ბიზნესმენებს ეხება, რომელთაც უკვე ერთხელ შევხვდით. ბიზნესის მხრიდანაც ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასება აქვს ამ შეხვედრებს და მომავალშიც ველოდებით, რომ გაგრძელდება”, - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესს პრობლემები ჰქონდა სანქციებთან და ფულის დროულად გადახდასთან დაკავშირებით.

”ბიზნესს ჰქონდა საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებული პრობლემები, ფულის დროულად გადახდებთან დაკავშირებით, პრინციპში ყველაფერი აღმოფხვრილია. ჩვენ მათ მივაწოდეთ ახალი ინფორმაციები, შევქმენით საშუალება, რომ ამხანაგობის კუთხით მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

როგორც რაზმაძემ აღნიშნა, იგეგმება სიახლე პროექტირების დარგში და მშენებლობის დარგში.

შემდეგი, მე-12 შეხვედრა 12 ოქტომბერს ჩატარდება და მიწვეულები იქნებიან დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.