ესპენურ-ქართული ერთობლივი პროექტის მიხედვით ღორების ფერმის შექმნა იგეგმება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანია NATIVE GEORGIAN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას.

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება მომთაბარე კახური ღორის მოშენება, მაღალი გემოვნური თვისებების მქონე ხორცპროდუქტების წარმოება და შემდგომ რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. ქართულ-ევროპული ერთობლივი პროექტის განხორიელება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ხორცპროდუქტების წარმოების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

NATIVE GEORGIAN მსოფლიოში უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის (TEMPO DEALS) მფლობელმა ესპანელმა ბიზნესმენმა საქართველოში ცოტა ხნის წინ დააფუძნა.

აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში კომპანიის TEMPO DEALS მესვეურებმა გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან ლორის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს.

ესპანური კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტირების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ესპანეთში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საპარტნიორო ფონდის ჩართულობით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქართული ღორის ჯიშების შესწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონები მოინახულეს და მეცნიერული კვლევები ჩაატარეს, რამაც ცხადყო, რომ კავკასიური გარეული ღორის ჯიში ესპანური ღორის ჯიშის გენოტიპთან იდენტურია.

ესპენურ-ქართული ერთობლივი პროექტი ღორების ფერმის შექმნასაც გულისხმობს რაჭისა და კახეთის რეგიონებში, ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება, თანამედროვე სტანდარტების დაგეგმვა, მაღალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბების მიზნით ტრეინინგების ორგანიზება.

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე კომპანიის NATIVE GEORGIAN დირექტორმა, ლუის ალბერტო სანზ კასადომ პროექტის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კავკასიური გარეული ღორის მოშენებას და პოპულარიზაციას.