ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა გაიხსნა.

”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმების უპრეცენდენტო პროექტი დღეს დაიწყო. დაინტერესებული პირებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული და ყოველდღიურად განახლებადი ათი მილიონი სამუშაო პოზიცია უკვე ხელმისავწვდომია. დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციები ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებს მოიცავს.

დასაქმების საერთაშორისო პლატფორმის პრეზენტაციისას მედიის წარმომადგენლები ამ პლატფორმის მეშვეობით პირველ დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და გადამზადების დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

”დღეიდან ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი. ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია დაინტერესებული ადამიანები ბაზაში ჩაერთონ. ჩვენ უკვე გვყავს კონკრეტული პირები, რომლებიც პროექტში მუშაობენ. ჩვენ გვჯერა, უახლოეს პერიოდში ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი ჩვენთან ერთად შეძლებს, ჩვენი სივრცეებიდან ჩაერთონ წამყვანი კომპანიების სამუშაოებში და დასაქმდნენ. ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გაჩნდენ ახალი წარმატებული ადამიანები, რომლებიც კონკურენტურანიანები იქნებიან არა მარტო საქართველოს, არამედ, გლობალურ ბაზარზე”, - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

პლატფორმის მეშვეობით პირველი დასაქმებულის, ზურაბ ბაბუაძის ინფორმაციით, იგი სხვადასხვა გლობალურ საიტებზე იღებს შეკვეთებს და გრაფიკული მიმართულებით დისტანციურად მუშაობს.

”ინდივიდუალურად, შესაძლოა რთული იყოს ბევრი შეკვეთის აღება, სახელის მოპოვება. უნივერსიტეტის ბაზაზე დასაქმების პლატფორმით უფრო შესაძლებელია დიდი კონტაქტების გაჩენა და სასურველი შეკვეთის აღება”, - აღნიშნა ზურაბ ბაბუაძემ.

ამასთან, ”სილიკონ ველი თბილისი” საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული პირების გადამზადების მზადყოფნას გამოთქვამს. კერძოდ, 15 ოქტომბრიდან ”სილიკონ ველი თბილისში” გადამზადების პროგრამები იწყება. უნივერსიტეტში კადრებს ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველაზე მოთხოვნად სფეროებში გადაამზადებენ.

პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება გადამზადება კომპიუტერული თამაშების შექმნისათვის საჭირო კომპონენტების შესწავლის, მობილური აპლიკაციების, სოციალური მედია-მარკეტინგისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.