„ქართული სოკოს“ პროდუქცია 2017 წლიდან ექსპორტზე გავა

2017 წლის მეორე ნახევრიდან „ქართული სოკო“ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საწარმოს ხელმძღვანელმა გიორგი ხინჩეგაშვილმა განუცხადა, პროდუქცია თავდაპირველად მხოლოდ სომხეთში გავა.

საწყის ეტაპზე ექსპორტზე 4 000-დან 5 000-მდე ბრიკეტის გატანას აპირებენ.

გიორგი ხინჩეგაშვილის თქმით, ერთი ბრიკეტისგან 6-დან 7 კილომდე სოკოს, კერძოდ, ხის ე.წ. „კალმახა“ სოკოს მიღებაა შესაძლებელი.

„ქართული სოკო“, რომელიც რამდენიმე თვეა მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში ფუნქციონირებს, ძირითადად სოკოს მოსაყვანი მასალის - ბრიკეტების გაყიდვაზეა ორიენტირებული.

„საწარმოს მიერ დამზადებული ბრიკეტი მეწარმეს ფაქტობრივად გამზადებული ბარდება, რომლისგანაც უკვე 2-3 დღეში მოსავლის მიღებაა შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი ხინჩეგაშვილმა.

„თეთრ სოკოში“ ამ ეტაპზე 46 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება წარმადობას, „ქართული სოკო“ თვეში 28 ათას ბრიკეტს ამზადებს, თუმცა წარმოების 30-35 ათასამდე გაზრდაა დაგეგმილი.

პროექტის ღირებულება ჯამში, მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს.

თაია არდოტელი