„ფუტკრის სახლი ფშავში“

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო „ფუტკრის სახლი ფშავში“ გაიხსნა.

ფშავური თაფლის საწარმო 6 ადამიანისაგან შემდგარი კოოპერატივის საკუთრებაა.

როგორც კოოპერატივის დირექტორმა გოჩა ხადიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, წელს მცირე რაოდენობით თაფლი გამომუშავდა, რის გამოც პროდუქცია ბაზარზე მომავალი წლის ზაფხულიდან გამოჩნდება.

„ოქრო თაფლი“ პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის ათვისებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, სამომავლოდ ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

საწარმოს წარმადობა წელიწადში 3-6 ტონამდე იქნება, რომლის მისაღებადაც 300-350 ძირი ფუტკარია საჭირო. ხადიაშვილმა აღნიშნა, რომ სკები, საიდანაც თაფლის მიღება ხდება, თავად კოოპერატივის წევრებს ეკუთვნით.

მანვე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა კოოპერატივმა ფუტკრის რძის წარმოებაც დაიწყოს.

პროექტის ღირებულება 120 ათასი ლარია.

თაია არდოტელი