”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ბენეფიციარებზე სახელმწიფო იზურნებს

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ბენეფიციარებზე, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში იღებდნენ, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომპანიის გადარჩენის მრავალჯერადი მცდელობები, დროის მიცემითა თუ დავალიანებებზე მორატორიუმის გამოცხადებით წარუმატებლად დამთავრდა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან კომპანიაში შესული გაკოტრების მენეჯერი ქმედებებს კანონის შესაბამისად ახორციელებს.

"რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხით ღებულობდნენ სერვისებს "არქიმედესგან", უკლებლივ ყველა მათგანზე პასუხუსმგებლობა უკვე აიღო სახელმწიფომ ჯანდაცვის სამინისტროს სახით. ამ პროექტის მართვას, ადმინისტრირებას, პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ნებისმიერი მათგანისთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავწევთ იმ სერვისებს, რაც მათ ჰქონდათ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, "არქიმედეს" ბენეფიციარებმა საყოველთაო დაზღვევის პროექტის ძირითად ფილიალებს უნდა მიმართონ. მათ ასევე შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსა და ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრს, მინისტრის მოადგილეს.

დავით სერგეენკომ ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე საყოველთაო დაზღვევის მომსახურების ფილიალის მუშაობაში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებულ შეფერხებაზეც გააკეთა კომენტარი. მინისტრის ინფორმაციით, 3 იანვარს, მთელი საქართველოს მასშტაბით ინტერნეტკომუნიკაციის ორსაათიანი წყვეტა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ყველა ფილიალში ორი საათის განმავლობაში გართულებული იყო მასალის ონლაინ რეჟიმში ატვირთვა, თუმცა პირები, რომლებიც ოფისებში უშუალოდ მიდიოდნენ, მათ განცხადებებს იტოვებდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდა.

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" გაკოტრდა. კომპანია პენსიონრების, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და სტუდენტების დაზღვევაზე მუშაობდა. კომპანიას ფინანსური პრობლემების გამოსასწორებლად ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა. "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" დაზღვეული იყო 300 ათასზე მეტი მოქალაქე.