დიმიტრი ქუმსიშვილი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადაიარაღებული კომპანიის წარმოებას გაეცნო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადაიარაღებული კომპანიის წარმოებას გაეცნო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, შპს „შარავანდის“ საწარმოში 115 ადამიანია დასაქმებული, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო.

უწყების ინფორმაციით, უახლესი ტექნოლოგიებით ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოების პროცესს დღეს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო.

„ეს არის ლიდერი კომპანია შესაფუთი მასალების ბაზარზე. 5 მილიონი ლარის ღირებულების გადაიარაღების პროექტია აქ განხორციელებული და 115 ადამიანია დასაქმებული კომპანიაში. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით რამდენიმე ათეული სახეობის პროდუქტი დაემატა კომპანიის წარმოებას, რამაც მისცა მას შესაძლებლობა, ჩაენაცვლებინა მნიშვნელოვნად იმპორტი და შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. როგორც ხედავთ, კომპანია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აქ ნაწარმოები მაღალი ხარისხის პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა, ბაზარზე საუკეთესო სახით წარდგეს ქართული წარმოება“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც საწარმოს კომერციულმა დირექტორმა, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიამ დამატებითი მანქანა დანადგარები, კერძოდ ალუმინის სახურავების, მუყაოს ლამინირებული ყუთის, ქაღალდის პაკეტის და ფლექსოგრაფიული საბეჭდი ფირფიტის საწარმოებელი დანადგარები შეიძინა და დღეს წარმატებით უწევს კონკურენციას ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების მწარმოებელ იმპორტიორ კომპანიებს.

მისივე განცხადებით, კომპანიის სამომავლო გეგმა პროდუქციის რეალიზაციის ასორტიმენტის გაზრდაა, რისთვისაც ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს დამატებითი მშენებლობები. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არიან „იფქლი“, „ფარმადეპო“, „კარფური“, „გუდვილი“, „პსპ“ და „ბარამბო.“ „შარავანდის“ პროდუქცია ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იყიდება.

კომპანია „შარავანდის“ საწარმოში დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია, ასევე ბიზნესომბუდსმენის, ბანკების ასოციაციისა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.