ზუგდიდში კიდევ ერთი თხილის საწარმო ამოქმედდა

ზუგდიდში კიდევ ერთი თხილის საწარმო შპს „ჯიენკომპანი“ ამოქმედდა. საწარმოში 35-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა მოხალულ პროდუქტს აწარმოებს, რომლის 100% განკუთვნილია საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 222 906 აშშ დოლარი გრანტია, 278 706 აშშ დოლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ქარხანა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით "ჯი-ენ კომპანიში", რომელიც ახალი გახნილია. ნიშანდობლივია ის, რომ ეს ქარხანა მუშაობს მეორად პროდუქციაზე. პერიოდულად ადგილობრივ მეწარმეს, პრობლემა ექმნებათ მეორადი პროდუქციის რეალიზებაზე, რადგან ყველა ქარხნები არ ღებულობენ მას. ვთვლი, რომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქარხნის როლი. ქარხანა პროდუქტს ამუშავებს, ახარისხებს და ექსპორტზე გადის, როგორც ადგილობრივ ისე ევროპულ ბაზარზე. რაც მთავარია, 35-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ თითოეულს საშუალოდ 500 ლარი აქვს ხელფასი და ეს მნიშვნელოვანია. ქარხანას გადაწყვეტილი აქვს მომავალში გაფართოება, სადაც უფრო მეტი ადგილობრივი დასაქმდება“, - განაცხადა გუბერნატორმა.