RMG Gold ფუნქციონირების შეწყვეტით იმუქრება

საყდრისის საბადოზე არსებული რესურსების ათვისების აკრძალვის შემთხვევაში, კომპანია RMG Gold ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა.

სპეციალურ განცხადებაში RMG Gold წერს, რომ საყდრისში ჩატარებული ბოლო მოკვლევების შედეგად, ტერიტორიაზე რაიმე ღირებული არტეფაქტის დაზიანების საფრთხე პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა, კომპანია ირწმუნება, რომ აცნობიერებს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას და მიწის სამუშაოების პროცესში ნებისმიერი არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებაზე საუბრობს.

ამასთან, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სრული საკანონმდებლო საფუძველი და არგუმენტაცია გააჩნდა იმისათვის, რომ ყველა დოკუმენტის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ან არაუგვიანეს 2013 წლის 27 დეკემბრისათვის, მიეცა კომპანიისათვის შესწავლილი ტერიტორიის საწარმოო ათვისების უფლება.

"საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების უფლება კომპანიამ ჯერ კიდევ 2013 წლის 8 აგვისტოს მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/130 ბრძანების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს სამუშაოები არ დააზიანებდა ან დაზიანების საფრთხეს არ შეუქმნიდა არქეოლოგიურ ობიექტს.

2013 წლის 26 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სამუშაო თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეროვნული მუზეუმის, მეცნიერებათა აკადემიისა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და ასევე კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისიის ექსპერტები, ერთმნიშვნელოვნად შეთანხმდნენ, რომ კომპანიას შეუძლია ტერიტორიის საბოლოო არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად აწარმოოს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.

2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში განხორციელდა საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის სრული საველე არქეოლოგიური შესწავლა, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ განახორციელა ამ შესწავლის მონიტორინგი. შესრულებული სამუშაოების ანგარიში გადაეგზავნათ კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.

2013 წლის 3 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიამ შესრულებული სამუშაოების ანგარიშზე და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე კულტურის სამინისტროში გადააგზავნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საყდრისის ტერიტორიაზე, როგორც ბორცვის ზედაპირის მთელ პერიმეტრზე, ასევე თანამედროვე გვირაბებში არსებულ ღრმულებში კულტურული ფენები, ან რაიმე ახალი არტეფაქტი არ დაფიქსირებულა, რაიმე ახალი გარემოება არ გამოვლენილა. ცნობისათვის, იგივე შედეგით დამთავრდა ქართულ-გერმანული არქეოლოგთა ჯგუფის ექსპედიცია 2013 წლის სექტემბერში, რაც ასახულია მათივე ანგარიშში," - წერია RMG Gold-ის განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საყდრისის ტერიტორიას მოხსნილი აქვს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსი, "ეროვნული მნიშვნელობის" კატეგორია და არქეოლოგიური დაცვის ზონა. ამდენად, მათი განცხადებით, ეს ტერიტორია ისეთივე სტატუსის მქონეა, როგორიც საბადოს დანარჩენი ტერიტორია. RMG Gold-ს მიაჩნია, რომ თემის ირგვლივ გაუგებრობა გამოწვეულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემის დაგვიანებით, რისი მიზეზიც მათთვის უცნობია.

"ვაცხადებთ, რომ კომპანია RMG არ გასცდება კანონით დადგენილი ნორმების და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული ქმედებების ჩარჩოებს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობაზეა. თუ ზემოთაღწერილი გარემოებების მიუხედავად, მიზანშეწონილად ჩაითვლება, რომ კომპანიას აეკრძალოს საყდრისის საბადოზე არსებული რესურსების ათვისება, კომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს ფუნქციონირება და იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ამგვარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შედეგებზე", - ნათქვამია RMG-ის განცხადებაში.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ RMG gold-ის ხელმძღვანელობას გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საყდრისის – ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტის ფოტო მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით მიმართა. ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით RMG gold-ს გაფრთხილება მისცა. სააგენტომ კომპანიას მოუწოდა, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

"გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფიქსირებულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საყდრისის – ყაჩაღიანის ტერიტორიაზე (არქეოლოგიური ობიექტი) მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები.

ვინაიდან, მოცემულ ეტაპზე თქვენს კომპანიას არ გააჩნია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნა ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე და ამასთან, არ განხორციელებულა ტერიტორიის სრულყოფილი შესწავლა, არქეოლიოგიური ტერიტორიის დაზიანებასა და განადგურებისაგან დაცვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ მიმდინარე მიწის სამუშაოები.

ამასთან "კულუტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე და 29-ე მუხლების თანახმად, გთხოვთ უზრუნველყოთ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების დაშვება არქეოლოგიური ობიექტების მდგომარეობის შესწავლისა და ფოტოფიქსაციის მიზნით", - ნათქვამი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებაში, რომელსაც ხელს აწერს კულუტურული მემკვიდერეობის ინსპექციის უფროსი სპეციალისტი.

გარდა ამისა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საყდრისის ოქროს საბადოსთან დაკავშირებით გერმანულმა მხარემ საქართველოს სპეციალური კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელშიც გერმანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე, კომპანია "RMG გოლდის" ტექნიკა 7 იანვარს შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი აქციებით გააპროტესტა. ისინი ძეგლზე ვანდალიზმის შეწყვეტას და ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ვითარების ადგილზე გასარკვევად, გუშინ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, არქეოლოგი და ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე, ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივის", ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ჟურნალისტები კარიერის ტერიტორიაზე უკვე მეორედ არ შეუშვეს.

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა. თუმცა, კომპანია "RMG გოლდის" ხელმძღვანელობა არ მიიჩნევს მას ისტორიული ღირებულების ძეგლად და სურს იქ ოქროს მოპოვების სამუშაოები აწარმოოს.

ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია RMG-ი აერთიანებს ყოფილ სს "მადნეულსა" და სს ”კვარციტს”.