"ეს იყო უპრეცედენტო რთველი, როდესაც არც ერთი ინციდენტი არ გვქონია"

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით ჩატარდა და მას ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში მეწარმეობის განვითარების კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელ მეწარმეებს გააცნო ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელი მეწარმეების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდა, რომ იზრდება იმ ბაზრების მოცულობა, სადაც ქართველ მწარმოებლებს შეღავათიანი პირობებით შეუძლიათ პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ჩინეთთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის კვლევაზე სიღარიბის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახამადაც საქართველოში ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო პროგრამებს რეგიონში არაერთი ბენეფიციარი ჰყავს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომია და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს სთავაზობს.

„შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას - თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სახელმწიფოსთან ერთად, რა პროგრამებით შეიძლება სარგებლობა და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში და როგორ უნდა განვითარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში რთველი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ასევე ვიტყვი, რომ ეს იყო უპრეცედენტო რთველი, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად არც ერთი ინციდენტი არ გვქონია, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე მოწესრიგებულია მთელი პროცესი თავად რთველის. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კახეთის მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.