ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას იწყებს

,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იუწყება, პროექტი „ყველაფერი შესაძლებელია“ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფასო გადამზადებას კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებში მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის’’ ერთად ხორციელდება.

პროექტის მიზანია შშმ პირების განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში მათ რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების სტიმულირებას მოახდენს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტი პასუხობს ევროკავშირის 2010-2020 წლების Disability Strategy-ს, რომლის მიზანია შშმ პირებისთვის შესაძლებლობების მიცემა განათლებისა და დასაქმების მიმართულებებით.

პროექტის ,,ყველაფერი შესაძლებელია’’ მხარდამჭერები არიან „საქართველოს ბანკი“, „სილქნეტი“, „GPI ჰოლდინგი“, „პალიტრა მედია“. პროექტის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართება.