მეწარმეობის განვითარების სააგენტომ უნდა შექმნას საფუძველი სტარტაპების დაკრედიტებისათვის

საქართველოში სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

”ეს სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით ხელი უნდა შევუწყოთ დაწყებითი ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, უნდა შევქმნათ საფუძველი, რომლის შემდეგაც კომერციული ბანკები მოახერხებენ ახლად შექმნილი ბიზნესების დაკრედიტებას", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მისი განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ბანკების ხელმძღვანელებსაც მიეწოდათ.

"კომერციულ ბანკებთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ის სექტორია, რომელიც რეალურად ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელია. დღევანდელ შეხვედრაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის რა მასტიმულირებელ ქმედებებს განახორციელებს ეკონომიკური გუნდი. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ,” - განაცხადა ქუმსიშვილმა.