ხულოში ახალი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება

ხულოში სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე საწარმოში 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული და სამომავლოდ 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ფაბრიკის შენობის ფასადისა და ინტერიერის სამუშაოები უკვე დასრულებულია. საწარმოში 60-მდე სამკერვალო დანადგარია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტიცია თურქულ-ქართულ მხარეებს ეკუთვნით. მათივე განცხადებით, საწარმოს გამართვისა და ფუნქციონირების საკითხში, რეგიონში მყოფი ნორვეგიელი ინვესტორებიც არიან ჩართული.

”საწარმო სარგებლობს მთის კანონის იმ შეღავათით, რომელიც მთიან რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება და ეს სამკერვალო არის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად გამართლებული და წარმატებულია მთის კანონი, რომ იგი ნამდვილად ემსახურება მთაში მოსახლეობის გამაგრებას, მთის მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.