ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა "ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.

ასევე გაუმჯობესებულია „საზღვრამდე მანძილის“ მაჩვენებელი 2.48%-ით. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ის 80.20 პროცენტია, შარშან კი 77.72 პროცენტს შეადგენდა.

კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის  და ლატვიის შემდეგ. საქართველო ასევე იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

მსოფლიოს ბანკის ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს გასული წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მიღების, ქონების რეგისტრაციის, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვის, საერთაშორისო ვაჭრობის და გადასახადების გადახდის კუთხით გატარებულ რეფორმებზეც.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამაღლა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საიმედოობა მიმწოდებელი კომპანიებისთვის ჯარიმების დაწესებით ენერგიის წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI) და სისტემის გათიშვის საშუალო სიხშირის (SAIFI) ინდექსის წინა წელთან შედარებით გაუარესებისთვის. ასევე, სავალდებულო გახდა კომპანიის მიერ მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილ გათიშვასთან დაკავშირებით. გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით. საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდის სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

„ბიზნესის წარმოების” კვლევის მიერ შეფასებულ ხუთ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს წინსვლა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ქვეყანა კვლავაც წარმატებულ რეფორმატორებს შორისაა მდგრადი ეკონომიკური ზრდით და გლობალური შოკების მიმართ მდგრადობის გაძლიერებით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირველად წლევანდელ ანგარიშში შეტანილია გენდერული განზომილება სამი მაჩვენებლით: ბიზნესის წამოწყება, ქონების რეგისტრაცია და კონტრაქტების შესრულება. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია ერთადერთი რეგიონია, სადაც არ არსებობს ბარიერები ქალებისთვის ახალი კვლევის მიერ შეფასებულ სფეროებში. მაგალითად, რეგიონის თითოეულ ქვეყანაში ქალს ისევე შეუძლია ბიზნესის დაწყება, როგორც მამაკაცს.

ანგარიშში ასევე გავრცობილია გადასახადების გადახდის ინდიკატორი, რომელიც ახლა მოიცავს დეკლარირების შემდგომ პროცესებს, როგორებიცაა საგადასახადო აუდიტი და ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი მაჩვენებლები აქვს. მაგალითად, მოგების გადასახადის აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებას ახლა უკვე დაახლოებით 2 საათი სჭირდება, მაშინ როდესაც რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 9-საათს შედგენს.

ბიზნესის წარმოება 2017 გახლავთ მე-14 იმ კვლევების სერიიდან, რომლებიც ბიზნეს საქმიანობის ხელისშემწყობ და შემზღუდველ რეგულაციებს იკვლევს. კვლევაში წარმოდგენილია რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც 190 ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის რეგულაციებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის შედარების საშუალებას იძლევა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს კანონმდებლობის იმ ასპექტებს, რომლებიც 11 სფეროში ახდენს ბიზნესის ქმედითუნარიანობაზე გავლენას. ამ თერთმეტი სფეროდან, ათი წლევანდელ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგშია წარმოდგენილი. ესენია: ბიზნესის წამოწყება, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტრო ენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულება, გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს შრომის ბაზრის კანონმდებლობას, რაც რეიტინგში არ შედის. ბიზნესის წარმოება 2017-ში მოყვანილი მონაცემები 2016 წლის 1 ივნისის მონაცემებს ეფუძნება. ეს მაჩვენებლები გამოიყენება ეკონომიკური შედეგების ანალიზსა და იმის დადგენაში, თუ ბიზნეს კანონმდებლობის რომელმა რეფორმამ იმუშავა, რა სფეროში და რატომ.

კვლევის თარგმანს მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს. კვლევის სრული ვერსია და დანართები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.doingbusiness.org

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე