საქართველო ელექტროენერგიის მიღების კუთხით Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული Doing Business 2017-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის მიღების კუთხით 26 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილიდან 39-ზე გადაინაცვლა.

როგორც სემეკი იუწყება, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) დადგენილი ნორმების გადაჭარბებაზე. ასევე, გაუმჯობესებულია ელექტროენერგიის გეგმურ წყვეტებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირებულობა.

”ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი წესები, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები უწევენ მომხმარებელს გამარტივებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული რეგულაციაა.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით, მომხმარებელს, რომელსაც სურს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება და ელექტროენერგიის მიღება, შეუძლია მიმართოს გამანაწილებელ კომპანიას განაცხადით, რომელიც „ერთი სარკმლის“ პრინციპის შესაბამისად, კომისიის წესებით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს ყველა სამუშაოსა და მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას.

კომისია მონიტორინგს უწევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობას (SAIDI). კომისიის მიერ შემუშავებული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების შესაბამისად განსაზღვრულია გამანაწილებელი კომპანიების ვალდებულებები ელექტროენერგიის გათიშვებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირების კუთხით, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს კომპენსირების სისტემა მომხმარებელთა სასარგებლოდ”, - ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.