ფადი ასლი - ბიზნეს საზოგადოებაში დიდი ოპტიმიზმი იგრძნობა

2016 წლის დასაწყისიდან ბიზნეს საზოგადოებაში დიდი ოპტიმიზმი იგრძნობა. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ბიზნესმენებს. ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და ბიზნესმენმა ფადი ასლიმ “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ბიზნესსაქმიანობები ქვეყანაში იზრდება და ფართოვდება. ეს ოპტიმიზმი, რა თქმა უნდა, გადამდებია და მეტი და მეტი ადამიანი განიხილავს საქართველოს, როგორც ბიზნეს და ტურისტულ მიმართულებას,“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაუჯერებლად დადებითი ცვლილებები განახორციელა მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.

„აუცილებლად მინდა აღვნიშნო ეკონომიკის სამინისტროს წარმატებული საქმიანობა. ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულმა რამდენიმე ცვლილებამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებაზე. ეს აისახა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგზე. საქართველო მსოფლიოს 20 ქვეყანას შორისაა, სადაც ინვესტორს ბიზნესის წარმოება ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე შეუძლია და ეს მშვენიერია,“ - დაამატა ფადი ასლიმ.

საქართველოში განხორციელებული დადებითი ცვლილებების შემდეგ ფადი ასლი ბოლო ექვსი წლის მანძილზე საქართველოში საქმიანობის გაფართოებასა და ახალი ბიზნესის დაწყებასაც გეგმავს.

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა "ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

ნანა მღებრიშვილი