გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ

ძალიან მისასალმებელია, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, დღეს საქართველო 190 ქვეყანაში 10 ტოპ რეფორმატორთა სიაშია და ასევე რეგიონის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა.

„ეს ძალიან დიდი შედეგია. ეს არის მთელი გუნდის მუშაობის შედეგი და მე მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრსა და ფინანსთან მინისტრს. ამ ორმა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. ეს ძალიან დიდი შედეგია. ეს რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის მიტანა ყველა ინვესტორთან.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, არამედ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული უმაღლეს პრინციპად ქონების საკუთრების ხელშეუხებლობა და დაცვა. ძირითადი პუნქტები, რომელშიც მიღწეული იქნა პროგრესი, წამყვანი პოზიციები არის ქონების რეგისტრაციის მიხედვით, კრედიტის მიღება, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა.

ეს პუნქტებია, რომელშიც მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით, ასევე არაერთი სხვა მიმართულებით, რაც ასევე ხაზგასასმელია“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.