„კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ჩინეთში ღვინის ექსპორტს ზრდის

კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ჩინეთის ბაზარზე მილიონ ბოთლ ღვინოს გაიტანს.

კომპანიის წარმომადგენლის თამუნა ფრუიძის თქმით, მილიონი ბოთლის გაგზავნა 2017 წლის ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან გააფორმა და რომლის თანახმადაც ქართული ბრენდი ჩინეთის 25 პროვინციაში გაიგზავნება.

„ჩინეთში ძირითადად, წითელი ნახევრადტკბილი ღვინოების მიმართ არის დაინტერესება. როგორიცაა, მაგალითად, საფერავი, ქინძმარაული და ა.შ. რაც შეეხება ექსპორტს, 2014 წელს ექსპორტის თვალსაზრისით KTW ლიდერი კომპანია იყო. 2014 წელს 9.5 მილიონი ბოთლის, 2015 – 5 მილიონის, მიმდინარე წლის ამ დროისათვის არსებული მონაცემებით კი 4.2 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა,“ -აღნიშნა ფრუიძემ.

მისივე ცნობით, კომპანია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და ამ დროისათვის ჯამში 17 ექსპორტიორი ქვეყანა ჰყავს. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია - რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, ბელორუსი და ა.შ.

KTW ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში ამ დრისთვის 150 ადამიანამდეა დასაქმებული.