როგორ აქცია სამმა სტუდენტმა დასუფთავება და პარაზიტებთან ბრძოლა წარმატებულ ბიზნესად

სამი მეგობრის მიერ, სტუდენტობისას დაწყებული ბიზნესი, რომელსაც მომხმარებელი დღეს Problem Killer-ის სახელით იცნობს, ერთი წელია რაც თბილისში ოპერირებს. კომპანია სანიტარული მომსახურებისა და დასუფთავების სერვისს როგორც კერძო, ისე კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს.

Problem Killer-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ამბროლაძეა. ახალგაზრდა ბიზნესმენს კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ”ბიზნესპრესნიუსი” ესაუბრა.

რა სახის მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

Problem Killer -ი სანიტარული სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა. პარაზიტებთან ბრძოლის კუთხით, ნებისმიერი მიმართულება შედის ჩვენს მომსახურებაში. მსხვილ ორგანიზაციებთან, მათ შორის ბრენდულ სასტუმროებთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები. რაც ნიშნავს, რომ ყოველთვიურად უნდა ჩავუტაროთ მათ შესაბამისი სანიტარული პროცედურები. თითქმის ნახევარი წელია, რაც მომსახურების სფერო გავაფართოვეთ და მომხმარებლებს სანიტარულ სერვისთან ერთად დასუფთავებასაც ვთავაზობთ.

როგორია ამ კუთხით ბაზარზე კონკურენცია?

ბაზარზე მსგავსი ტიპის რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე დიდი კონკურენციაა.

რატომ დაინტერესდით ამ ბიზნესით?

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამა სამთოქიმიის ყოფილი თანამშრომელია. მისთვის, როგორც ამ სფეროს მცოდნესთვის, დახმარების თხოვნით, არაერთხელ მიუმართავთ. ჩემს მეგობარს დაებადა იდეა, რომ მამის გამოცდილება შესაბამისად გამოგვეყენებინა და დაგვეწყო ერთობლივი ბიზნესი. მცდელობამ გაამართლა. მეგობრის მამამ სანიტარულ სფეროში თავისი ცოდნა გაგვიზიარა, ჩვენ ბიზნესიდეა დავხვეწეთ და ასე დავიწყეთ საქმიანობა.

როგორც აღნიშნეთ, ბაზარზე დიდი კონკურენცია არ არის, რამდენად არის აღნიშნული სერვისების მიმართ მოთხოვნა?

მოთხოვნა უფრო მეტად არის დასუფთავებაზე, მაგრამ ამ კუთხით კონკურენციაც შედარებით მაღალია. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ შეგვიძლია ორი სერვისის ერთად შეთავაზება. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ობიექტზე გავდივართ ძალიან სწრაფად, რადგან რამდენიმე ტექნიკური ჯგუფი გვყავს.

დასაწყისში მოლოდინი იყო, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა რესტორნებისგან წამოვიდოდა, თუმცა შევცდით. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სანიტარიასა და სისუფთავეზე ზრუნვა სარესტორნო ბიზნესს უფრო სჭირდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისინი ამ თემით შედარებით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი. ქართულმა რეალობამ რატომღაც გვაჩვენა, რომ რესტორნები არც თუ ისე ხშირად იყენებენ ამ სერვისს.

როგორია ფასები?

ფასები ამ სფეროში არის მერყევი, რაც განპირობებულია იმით, რომ ახალ-ახალი კომპანიები ჩნდებიან და ისინი დაბალი ფასით შემოდიან ბაზარზე. ჩვენ საშუალო სეგმენტზე ვმუშაობთ. მომსახურების ღირებულების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, ობიექტის სირთულიდან გამომდინარე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია ათი ადამიანი. ვაპირებთ შტატების გაზრდას და მომსახურების სფეროს გაფართოებას. სამომავლო გეგმების რეალობად ქცევაში, ვფიქრობ, თიბისი ბანკის პროექტი ბიზნესდაჯილდოება დაგვეხმარება, რომელშიც აქტიურად ვართ ჩართული. ეს კონკურსი არის შანსი ჩვენნაირი სტარტაპებისთვის. მსგავსი შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი საქმიანი ადამიანი გავიცნოთ, ერთმანეთს იდეები და გეგმები გავუზიაროთ. ამასთანავე, ზრდის მოტივაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ქრისტინე გამთენაძე