ბოლნისის რძის საწარმო წარმოების 4 ტონამდე გაზრდას გეგმავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული რძის მწარმოებელი საწარმო „ახალი სტილი“ სამომავლოდ წარმოების გაფართოებასა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

საწარმოს მფლობელი ლეფტერ კუციას თქმით, საწარმოს  წარმადობა წელში ერთ ძროხაზე 2 ტონამდეა. საწარმოში ამ ეტაპზე 22 მწველავი ძროხაა. რძეს კი ადგილობრივი, ბოლნისის რძის გადამამუშავებელი საწარმო ყიდულობს.

მისივე ცნობით, ლიტრი რძე ახლა 80 თეთრი ღირს. თუმცა, ზამთარში, შესაძლოა ფასი გაიზარდოს.

„ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი, კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხები გვყავს, რომელთაც კარგი წველადობა არ აქვთ. თუმცა, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ევროპული უფრო ჯიშიანი, მაგალითად ჰოლშტეინი ან გერმანული ჯიშის ძროხების ყიდვა გვინდა, რის შედეგადაც საწარმოს წარმადობა წელიწადში ძროხაზე 4 ტონამდე გაიზრდება. ამის შემდეგ უკვე ვგეგმავთ, ახალი ტექნოლოგიების შეძენას, და რძისა და ყველის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებასაც“, - აღნიშნა კუციამ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი სტილი“ ჯამში, 60 სულ ძროხაზეა გათვლილი. მასში ამ დროისათვის 12 კაცია დასაქმებული.

საწარმოს მუშაობას ჟურნალისტები ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ ჩატარებული საინფორმაციო ტურის ფარგლებში გაეცნენ. ტური სიდა-სა და საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-ის მიერ „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული.