გურიაში ZARA-ს ბრენდის სამოსის სამკერვალო ფაბრიკის აშენება იგეგმება

გურიაში შესაძლოა ZARA-ს ბრენდის სამოსის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ განუცხადა.

ოზურგეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სამოსის სამკერვალო ფაბრიკის აშენებით თურქული კომპანია „ENA Textile“ დაინტერესდა, რომლის წარმომადგენელიც უკვე იმყოფებოდა გურიაში.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენელმა სეჩიმ სარანდიმ, ოზურგეთში რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაათვალიერა, სადაც შესაძლოა სამკერვალო ფაბრიკა განთავსდეს. ოზურგეთში არსებული შენობა-ნაგებობის მფლობელებთან შეთანხების შემდეგ კი, რამდენიმე კვირაში გადაწყდება, განახორციელებს თუ არა კომპანია ამ პროექტს გურიაში.

„ENA Textile“ ოზურგეთში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საწარმო, რომელშიც ათასამდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება, 2-3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.