წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

მთავრობა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ გასხვისებას გეგმავს.

ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა მის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მეოცე საუკუნეში აშენებული სანატორიუმი, რომელსაც პირვანდელი იერსახე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს, ქალაქ წყალტუბოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

საუბარია 27 770 კვადრატული მეტრი ფართობის გასხვისებაზე, სადაც ინვესტორს არანაკლებ 160-ნომრიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება ექნება.

გარდა ამისა, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, ინვესტორს სამორინეს გახსნა, ეზოს კეთილმოწყობა, არანაკლებ 80 ადამიანის დასაქმება და 6 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

ობიექტის ღირებულება 2 488 000 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე