დასაქმება: კომპანიებს ყველაზე ხშირად მენეჯერები სჭირდებათ, სამსახურს კი ბუღალტრები ეძებენ

ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში მენეჯერია, მას მოსდევს კონსულტანტი და მოლარე, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ სამივე პროფესია იანვარშიც ლიდერის პოზიციებზე იმყოფებოდა.

სამაგიეროდ, მეოთხე ადგილზე მყოფი დისტრიბუტორები გასულ თვეს მოთხოვნად პოზიციათა ათეულშიც კი არ იმყოფებოდა.

ერთი ადგილით წინ გადმოინაცვლა პედაგოგებმა და ბუღალტრებმა, სამაგიეროდ, მიმტანი მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა რომელიც იანვარში მეხუთე ადგილზე იყო.

თებერვლაში მოთხოვნა გაჩნდა ადმინისტრატორებზე (მერვე ადგილი). მეოთხედან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა სამედიცინო წარმომადგენელმა, ამავე ადგილზეა პრისელერიც, რომელიც მოთხოვნად პოზიციებს შორის თებერვალში საერთოდ არ ფიქსირდებოდა, ხოლო ათეული დაასრულა გამყიდველმა. 

რაც შეეხება კადრების მიწოდებას, პირველობას ბუღალტერები ”იჩემებენ” (იანვრის თვეში მეორე ადგილით შემოიფარგლა), თითო ადგილით დაწინაურდნენ - დამლაგებელი, მიმტანი და მზარეული.

მეხუთე ადგილი დაიკავა კონსულტანტმა, რომელიც გასულ თვეს ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მეექვსე - გამყიდველმა (იანვარში არ იყო მოთხოვნად პოზიციათა ათეულში). მას მოსდევს - მცხობელი (ასევე ათეულში არ ფიქსირდებოდა), მერვე ადგილზეა - თარჯიმანი (იანვარში მერვე ადგილი). 

ბოლო ადგილები მძღოლს და უსაფრთხოების თანამშრომელს უკავია (ეს უკანასკნელი იანვარში მოთხოვნად პოზიციათა ათეულში არ იმყოფებოდა).

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ინფორმაცია დასაქმების ყველაზე აქტიური ვებ-გვერდებიდან: www.saqme.ge, www. myjobs.ge, www. hr.ge და www.jobs.ge-დან მოიძიეს.