"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე

საქართველოში უცხოური ბაღჩეულ-ბოსტნეული მეტი იყიდება, ვიდრე ადგილობრივად მოწეული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კიტრსა და პომიდორზეა. სეზონზე - გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე - თავზე საყრელად გვაქვს გრუნტზე მოყვანილი ჩვენი კიტრი და პომიდორი, მაგრამ აცივებასთან ერთად, დახლი ღარიბდება. რჩება სათბურში მოყვანილი ადგილობრივი, ანდა უცხოური, რომელიც ფასით ქართულს ძალიან ავიწროებს - უფრო იაფია. ამასთან, სათბურში ბაღჩეული მეტწილად ხელოვნურად, სხვადასხვა ქიმიური საშუალებით მოჰყავთ, რაც ზემოქმედებს პროდუქტის თვისებებზე - მას ნაკლებ სასარგებლოს ხდის.

ნინა პეტროვა-ძნელაძის ოჯახმა სათბურის აშენება რვა წლის წინ განიზრახა ლისის ტბის მიდამოებში, რომლებიც მდიდარია თერმული წყლებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა ჯერ ოჯახისთვის დაიწყეს. ახლა ნინა პეტროვა-ძნელაზე მშობლებთან ერთად სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზევე ცხოვრობს, ლისის ტბაზე. ”ბოლო წლებში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი: რუსეთში, მონაკოში, საფრანგეთში. პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ და იქაც ამ საქმით ვიყავი დაკავებული. დროდადრო ჩამოვდიოდი და სათბურის კარს მხოლოდ მწვანილის მოსაკრეფად თუ შევაღებდი. მშობლების წამოწყებული საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი, სიახლე იყო საჭირო,” - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

სიახლეები იმით დაიწყო, რომ რამდენჯერმე უცხოეთიდან მცენარეების თესლი ჩამოიტანა. მათ შორის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და სხვა, დედამ კი ექსპერიმენტული ჯიშების გახარება დაიწყო. ”ყოველდღე ვრეკავდი უცხოეთიდან და ვკითხულობდი, გაიხარა თუ არა წიწაკამ, პომიდორმა ნაყოფი თუ მოისხა-მეთქი. ერთხელ გაზაფხულზე ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრები, როგორც ყოველთვის, სათბურში ფუსფუსებდნენ. კარი რომ შევაღე, იქაურობა სულ სხვაგვარად დავინახე - წითელ და მწვანე ფერებს დღის სინათლე უფრო მეტ ხიბლს სძენდა. მას შემდეგ ბაღჩეულზე ყველაფერი მაინტერესებს,” - იხსენებს ლისის ტბის მწვანე სახლების მეპატრონე.

სათბურში დილის ექვსი საათიდან საღამოს შვიდამდე ტრიალებენ - მიწას ამუშავებენ, ჩითილები გამოჰყავთ, შემდეგ კი გამზადებულ და დამუშავებულ მიწაში გადააქვთ. პომიდორს სამი თვე სჭირდება, რომ გაიზარდოს, იყვავილოს და ნაყოფი მოისხას. ამ სამი თვის განმავლობაში კი ნარგავს გასხვლა-გამოკრეჭა სჭირდება.

”მწვანე სახლებში” ნიტრატებსა და შხამქიმიკატებს მიწის დამუშავებისთვისაც კი არ იყენებენ. ძირითადად ნაკელითა და ნიადაგის აღმდგენი ორგანულ-ბიოლოგიური სასუქით ანოყიერებენ მიწას. შესაბამისად, პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა.

”ბოლო დროს მოთხოვნა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე საქართველოშიც გაჩნდა. არა მხოლოდ რიგითი მომხმარებელი, არამედ კაფე-რესტორნებიც ითხოვენ ასეთ პროდუქტს. მიაქვთ სალათა, არტიშოკი, სატაცური, სხვადასხვა ჯიშის პომიდორი. როცა ბიოპროდუქტების წარმოება დავიწყე, მეუბნებოდნენ, - რას წვალობ, აქ ყველაფერი ისედაც ნატურალურიაო. არადა, ბევრი ტყუვდება, ბაზარზე არაჯანსაღ პროდუქტს ნატურალურად ასაღებენ,” - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

მისი თქმით, საკვები მხოლოდ შიმშილის მოსაკლავი საშუალება არ უნდა იყოს. ადამიანმა თუნდაც პომიდვრის მირთმევით ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები და ვიტამინები უნდა მიიღოს. ”მაქვს ეკოტესტერი, რომლითაც შემიძლია პროდუქტში ნიტრატის შემცველობა გავსინჯო, ხოლო ნიადაგში - რადიაცია. შარშან, სეზონზე, ბაზრებსა და ბაზრობებზე დავდიოდი და საუკეთესო პროდუქციას ეკოტესტერით ვამოწმებდი. შევამოწმე მარნეულისა და გორის პომიდორი. ნიტრატების შემადგენლობა საშიშ ზღვარს აღწევდა. ასე მოწეულ პომიდორს ერთბაშად ბევრს თუ მიიღებ, შეიძლება ინფექციურ საავადმყოფოში აღმოჩნდე. ხალხი ხშირად ვერც იგებს, რამ აწყინათ, რატომ არიან შეუძლოდ და უგუნებოდ. აღარ ჩამოთვლი, რამდენი დაავადება გააახალგაზრდავა უხარისხო პროდუქტმა. რატომ უნდა მოვიხმაროთ თურქული პომიდორი, როცა შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული და თანაც ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური. დარწმუნებული ვარ, სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომისას შეგვიძლია იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ ადგილობრივი პროდუქციით,” - მიაჩნია პეტროვა-ძნელაძეს.

”მწვანე სახლებში ლისის ტბაზე” ამჟამად 0,6 ჰა ფართობზე გაშენებულ სამ სათბურში წელიწადში 3-5 ტონა პომიდორი მოჰყავთ. შესაბამისი დაფინანსების პირობებში თავისუფლად შეძლებენ 5 ჰა-მდე ტერიტორია აითვისონ, სათბურები გააშენონ და აქ მოწეული მოსავალი თბილისს მთელი წლის განმავლობაში მიაწოდონ. თუმცა, ოჯახს ამისთვის ფინანსური რესურსის მოძიება უჭირს.

”ფერმერთა ასოციაციასთან ერთად დავდივარ შეხვედრებზე, ფორუმებზე და ყველგან ვამბობ, რომ ადგილობრივ ფერმერებს დახმარება სჭირდებათ. ფინანსური რესურსით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფერმერებს. მაგალითად, თურქეთსა და ჰოლანდიაში სახელმწიფო სოფლის მეურნეობას სუბსიდიებით ეხმარება და ფერმერიც პროდუქტს აიაფებს. ჩვენ კი ჯერ მოგება არ გვრჩება. ძირითადი ხარჯი ენერგორესურსებზე მოდის. მართალია, თერმული წყლები გვაქვს, მაგრამ წლების წინ სახელმწიფომ საკმაოდ გაგვიზარდა ტარიფი და მრიცხველიც დაგვიყენა. წარმოიდგინეთ, წყალი ამოდის ჭაბურღილიდან, მიედინება მილებში, რომელიც სათბურშია დამონტაჟებული და შემდეგ ქალაქში უნდა გაუშვა. წყლის მრიცხველი კი ჩართულია და დიდი თანხა იწერება. ეკონომიკის სამინისტროსთან დიდი ბრძოლის შემდეგ მივაღწიე, რომ ბუნებრივი ენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქსირებული ტარიფი დაგვიწესეს. ზაფხულში თერმულ წყალს არ ვიყენებთ და ახლა იმისთვის უნდა ვიბრძოლო, რომ ზაფხულის თვეებში ეს ფიქსირებული ტარიფი არ მქონდეს გადასახდელი,” - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

”მწვანე სახლების” პროდუქტი თბილისში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ვინც სათბურების შესახებ იცის ახალმოწეული ჯანსაღი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის შესაძენად პირდაპირ ლისის ტბაზე ადის. სათბურის მფლობელები ზოგიერთ სტუმარს იმის უფლებასაც აძლევენ, თავად მოკრიფონ ბაღჩეული, ან მათივე თანდასწრებით კრეფენ. ნინა პეტროვა-ძნელაძე ამბობს, რომ როგორც კი ”ლისის ტბის მწვანე სახლების” Facebook გვერდზე ჩნდება ინფორმაცია სალათის ფურცლების, მწვანე ლობიოსა თუ ბროკოლის შემოსვლის შესახებ, მომხმარებელიც არ აყოვნებს.

ემა ტუხიაშვილი