ექპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი ამოქმედდა

ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან სამინისტროში ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრის ამოქმედება ბოლო დროს, ქართველი ექსპორტიორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის ტენდენციის ზრდამ განაპირობა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვენს გარშემო მოიმატა პრობლემებმა, როდესაც ხელოვნური ბარიერები ექმნებათ ჩვენს ექსპორტიორებს. ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა. თუ კომპანიამ ვერ მოახერხა მოგვაწვდინოს ხმა, არ არსებობს სისტემური ოფიციალური არხი, რომლის მეშვეობითაც ამ ტიპის ინფორმაცია შეგროვდება და იქნება ჩვენთვის სამუშაო მასალა ორმხრივი ურთიერთობებისას ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, ამ ტიპის ინფორმაცია გროვდება სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მწარმოებლები ვერ გამოიყენებენ სავაჭრო შესაძლებლობების მასშტაბებს, თუ არ ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის განხორციელების საშუალება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირადად მის მიერ ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების დროს. ამგვარად, მინისტრი იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ორმხრივობა, ხოლო ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეების ინტერესები - დაცული.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ცენტრი განთავსდება სამინისტროს პირველ სართულზე (გ. ჭანტურიას 12) და ამოქმედდება ცხელი ხაზიც, რომლის ტელეფონის ნომერი იქნება 2991002.