ნოდარ ხადური ყველა ბიზნესის თანაბარ პირობებში ყოფნის მომხრეა

ფინანსთა მინისტრი ბიზნეს ასოციაციის მიმართვას ეხმაურება.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიზნეს ასოციაციასთან კონსულტაციების პრობლემა არასდროს ყოფილა.

''უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ბიზნესი იყოს ერთნაირ პირობებში. ეს შეეხება როგორც წვრილ, ასევე მსხვილ იმპორტიორებს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

"არ შეიძლება წვრილი იმპორტიორი უფრო ცუდ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე მსხვილი იმპორტიორი", - ასე გამოეხმაურა მინისტრი იმ კითხვას, რომელიც ბიზნეს ასოციაციის თხოვნას ეხება, გაიმართოს კონსულტაციები იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის წესში ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების გარშემო ბიზნესთან დამატებითი კონსულტაციების საჭიროებას ხედავს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ განცხადება 31 მარტს გააკეთა.

ბიზნეს ასოციაციის შეხედულებით, ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, მით უმეტეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა, არ უნდა ხორციელდებოდეს ბიზნესსაზოგადოებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან დეტალური განხილვის და შესაბამისი არგუმენტების ანალიზის გარეშე.

"ბუნებრივია, რომ ბიზნესის შეხედულებები და არგუმენტები ამა თუ იმ საკითხზე ყოველთვის ვერ იქნება თანხვედრაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციასთან, თუმცა თავად განხილვის, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციისა და კონსტრუქციული, საგნობრივი ოპონირების პროცესი, საბოლოო გადაწყვეტილების ხარისხზე ყოველთვის დადებით გავლენას იქონიებს", - განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში.