მესხური დელიკატესის მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა უსახსრობის გამო შეაჩერა

კომპანია ”მზიანეთმა”, რომელიც საქართველოში მესხური ”ტენილი ყველის” ერთადერთი მწარმოებელია, მუშაობა შეაჩერა.

როგორც საწარმოს დამფუძნებელმა, ემზარ ჯვარიძემ განაცხადა, კომპანია საინვესტიციო სახსრების ნაკლებობამ შეაწუხა.

”რძეს ფერმერებისგან ვყდულობდით, რომლებიც ხარისხიან ნედლეულს ვერ გვაწვდიდნენ. საჭირო გახდა, საკუთარი ფერმის მშენებლობაზე მეზრუნა. ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” შესახებ როცა პირველად გამოცხადდა, ”რესპუბლიკა ბანკმა” რაიონში ყველა მსხვილი მეწარმე დაგვიბარა და კრედიტების გამოყოფა აღგვითქვა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. არადა, დრო არ ითმენდა, იძულებული გავხდი, 20 სული საქონელი ძვირი, 15%-იანი ბიზნეს-სესხით მეყიდა, ბანკში კი რეფინანსირებაზე დამთანხმდნენ, თუმცა, როცა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა, გადაფარვაზე უარი მითხრეს”, - განაცხადა ემზარ ჯვარიძემ სააგენტო bpn-თან საუბრისას.

როგორც დამფუძნებელმა აღნიშნა, კომპანიას დამატებითი თანხა საწარმოს გაფართოება- გადაიარაღებისთვისაც დასჭირდა, თუმცა, ასპინძის რაიონში მდებარე კომპანიის ქონების იპოთეკით დატვირთვა არცერთ ბანკს არ მოუნდა. შესაბამისად, ემზარ ჯვარიძეს არსებული სესხის დასაფარად ნაყიდი ძროხების გაყიდვა მოუწია.

”ტენილი ყველი ნამდვილი დელიკატესია, ჩემი ძალისხმევით, მას კულტურული ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. ნიმუშები აშშ-სა და უკრაინის საცალო ქსელებში გავგზავნე, საიდანაც შეკვეთებზე მზადყოფნა გამოთქვეს, მაგრამ როგორც ხედავთ, უსახსრობის გამო საწარმოს ვერ ვამუშავებ”, - აღნიშნა ჯვარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ”მზიანეთს” ტენილი ყველის წარმოებაზე აგროტურიზმიც ჰქონდა მიბმული: ვიზიტორებს ყველის წარმოების გარდა, ქარხნის სიახლოვეს აგებული მესხური ოდა - მუზეუმის დათვალიერება და კუთხური სამზარეულოს გაცნობაც შეეძლოთ, თუმცა, როგორც ყველის წარმოება, ასევე ტურებიც ”მზიანეთში” განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.