ნოდარ ჯავახიშვილი: ”ქართუ” გაიყიდება, თუ მსურველი გამოჩნდება

ბანკი ”ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ხუთშაბათს, 9 აპრილს შეხვდა ბანკის დამფუძნებელს, სადაც შეთანხმდნენ, რომ შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტი გაიყიდოს.

”მას შემდეგ, რაც საკმაოდ აჟიტირებულ თემად იქცა ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს თანაინვესტირების ფონდის განცხადების შემდეგ, რომ ბანკმა დაკარგა შესაძლო საინვესტიციო აქტუალობა, მე მქონდა საუბარი დამფუძნებელთან და მივედით ერთობლივ დასკვნამდე, რომ თუკი იქნება ასეთი სერიოზული საინვესტიციო ფონდები და ცენტრი, ამ თვალსაზრისით, ბანკი ”ქართუს” აქტუალობა დამფუძნებლისთვის მეორე პლანზე გადადის. შევთანხმდით, რომ შეიძლება, ეს ბანკი გაიყიდოს, თუ ამის მსურველი გამოჩნდება”, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

ამავე დროს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ უარყო ვერსია, თითქოს ”ქართუ” შესაძლოა, პარტნიორი გახდეს, ან შევიდეს ისეთი მსხვილი სტრუქტურების კაპიტალში, როგორიც თანაინვესტირების ფონდია.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ნოდარ ჯავახიშვილმა ბანკის გაყიდვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, ისევე როგორც ინფორმაცია, რომ გარიგებაზე მოლაპარაკებები თურქ და ებრაელ ინვესტორებთან მიმდინარეობდა.

"ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაყიდის "ქართუ ბანკს", რადგან მისი დამფუძნებელი არ არის. მეორეც, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ჩემთან ამ თემაზე არანაირი კონსულტაციები არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა მაშინ ნოდარ ჯავახიშვილმა.

სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი "როსიისკი კრედიტი-ქართუ" 1996 დაფუძნდა, 1998 წელს კი მას "ბანკი ქართუ" დაერქვა. ამჟამად, ბანკის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია, ის ბანკის 100%-იან წილს ფლობს.